ელექტრომობილი

Tesla-ს მოდელი 3 გაყიდვაში 7 ივლისიდან გამოვა

tesla.com

7 ივლისიდან გაყიდვაში გამოვა Tesla-ს მოდელი 3. მისი საწყისი ღირებულება $35 ათასიდან დაიწყება და ის მსოფლიოში პირველი ხელმისაწვდომი, გრძელმანძილიანი ელექტრომობილი იქნება. ავტომობილის შესაძენად წინასწარი რეგისტრაცია 400 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. 2018 წელს ნახევარი მილიონი მოდელი 3-ის წარმოებაა დაგეგმილი.

Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის თქმით, ავტომობილი ამ დროისთვის უკანასკნელ ტესტირებებს გაივლის, მისი წარმოების მოცულობა კი მაღალი ტემპებით იზრდება. მასკის თქმით, უკვე დეკემბერში მისი ქარხანა თვეში 20 ათას მოდელ 3-ს გამოუშვებს. 

მოდელი 3 საათში 100 კილომეტრ სიჩქარეს 6 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. ერთი დატენვის მეშვეობით ავტომობილს 350 კილომეტრის გავლა შეეძლება. ამავდროულად, Tesla აშშ-ში აორმაგებს მისი დამტენების ინფრასტრუქტურას, რაც მისი მომხმარბლების რაოდენობის ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. 

ახალ ავტომობილს მოდელ X-ის მსგავსად ავტოპილოტი ექნება, რაც მას გზატკეცილზე გარკვეული პერიოდის მანძილზე მძღოლის გარეშე მოძრაობის საშუალებას აძლევს.

ანალიტიკოსების შეფასებით, Tesla-ს ბიზნესმოდელი, რომლის მეშვეობით ის პრაქტიკულად ლუქს კლასის ელექტროავტომობილების ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვას გეგმავს სავარაუდოდ არამდგრადია, რადგანაც დღეისთვის მოდელი 3-ის წარმოება მის გასაყიდ ფასთან შედარებით ძვირი ჯდება.

მოდელი 3-ის დასამზადებლად Tesla-მ ნევადაში $5 მილიარდიანი ახალი საწარმო ააშენა. 

კომენტარები