GPI: ელიავაზე დაზღვეული იყო როგორც მთლიანი ობიექტი, ასევე 20-მდე ბიზნესი

ტაბულა

GPI ჰოლდინგში ტაბულას განუცხადეს, რომ მათთან დაზღვეული იყო როგორც ელიავას ბაზრობის დამწვარი ობიექტი, ასევე მცირე ბიზნესების ნაწილიც. კომპანია ამ დროისთვის არ ასაჯაროებს თუ რა თანხაზე იყო სავაჭრო ცენტრი დაზღვეული.

GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ მათ მცირე მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის 50 ათას ლარამდე დაზღვევის სერვისი ბავშვთა სამხაყროს შემთხვევის შემდეგ შესთავაზეს.

"თავად შენობა ცალკე არის დაზღვეული, იქ განთავსებულ მეწარმეებს კი თავიანთი მარაგები და ინვენტარი ჰქონდათ დაზღვეული. ამ დროისთვის დაახლოებით 15 განაცხადი არის შემოსული, სავარაუდოდ 20-მდე ავა.

თებერვალში ბავშვთა სამყაროს შემთხვევის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამა და ფიქსირებულ ფასად ჩვენ ვთავაზობდით ამ ხალხს 50 ათასი ლარის ფარგლებში ქონების დაზღვევას. ქონებაში შედის მაღაზიები, მარაგები, ინვენტარი და ასევე მოგება, რომელსაც ისინი ვერ მიიღებენ ამ პერიოდში, სანამ აღდგება ეს ტერიტორია. იქ არსებული მეწარმეების უმეტესობა ძირითადად არის 50 ათას ლარიანი ლიმიტით არიან დაზღვეულები, თუმცა უფრო დიდი მოცულობის დაზღვევებიც გვხდება", - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, 15-მდე მაღაზიაა სრულად დამწვარი.

კვირას საღამოს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანზარი გაჩნდა. მას მეხანძრეები 4 საათის მანძილზე აქრობდნენ. ცეცხლი ძირითადად ავტონაწილებს, საღებავებსა და საბურავებს ეკიდა.

კომენტარები