შოთაძე მუხთარლიზე: სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანს მივმართეთ

facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანელ კოლეგებს მიმართა. 

"ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლების დასწრებას. ასევე, ვითხოვთ მის აზერბაიჯანში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს მას შემდეგ, რაც მოხდება აფგან მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზრიბაიჯანში ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა. მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი ზომები. ველოდები პასუხს,"- ამბობს შოთაძე. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები