ნიკოლოზ მაქარაშვილი

მრევლის პროტესტის შემდეგ, მეპატრონეებმა დათმეს და გასახლებული ბერი სახლში შეუშვეს

რუსთავი 2

გუშინ, გვიან ღამით, ხმაური და დაპირისპირება იყო გამრეკელის ქუჩაზე. ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი მისი ნაქირავები სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა. ისინი ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას. მაქარაშვილის მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ვითარების განმუხტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა საპატრულო ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ, ნიკოლოზ მაქარაშვილი სახლში შეეშვათ. მათთან მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული.

ხელაძეების თქმით, გასახლების მიზეზი ნიკოლოზ მაქარაშვილის აგრესიული ქმედებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. 

"მამა ნიკოლოზისგან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დევნა და მოთხოვნა, რომ მთელი სახლი დაგვეთმო მისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ის სიტუაცია, რაც ამ სახლის გარშემო ხდება და სახელმწიფო სტრუქტურების იმედად, რომ მომავალში მაინც მოგვარდება სიტუაცია სამართლებრივი გზით, კარი გავაღეთ" - ამბობს სახლის ერთერთი მეპატრონე კახა ხელაძე.

აღსანიშნავია, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი წმ.გაბრიელ ურგებაძის მოწაფე იყო. მას 20 წელზე მეტია, საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა. ერთი წლის წინ, მაქარაშვილი და მისი მომხრეები მეტროს ყველა ვაგონში სამლოცველო კუთხის მოწყობას ითხოვდნენ, რასაც საპატრიარქო გაემიჯნა.

კომენტარები