ეკონომიკური თავისუფლების აქტი

NGO-ები: იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს 94-ე მუხლის გაუქმებას

transparency.ge

8 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს, არ დაუჭირონ მხარი კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღებას. 

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გაუგებარია, რატომ შეიცვალა მმართველი პარტიის მოსაზრება ეკონომიკური თავისუფლების აქტთან დაკავშირებით, რადგან მათ არაერთხელ დააფიქსირეს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი შენარჩუნებული უნდა იყოს. 

"ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა  მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში.იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას,"- წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED)

საზოგადოება და ბანკები

ევროპა საქართველოსთვის

Policy and Management Consulting Group

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

კომენტარები