ტრანსპორტი

ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიურ კრიზისს ათასობით რეისის შეწყვეტა შეიძლება მოჰყვეს

qatar airways

ახლო აღმოსავლეთში არსებულმა დიპლომატიურმა კრიზისმა შესაძლოა ათასობით მგზავრს გადაადგილება გაურთულოს. ორშაბათს საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და კატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

აღნიშნულმა ქვეყნებმა კატარს რიგი შეზღუდვები დაუწესეს, მათ შორის კატართან საავიაციო რეისების განხორციელება აკრძალეს. Etihad, Emirates და FlyDubai დღეიდან კატარის მიმართულებით არცერთ რეისს აღარ შეასრულებენ. ამავდროულად არც კატარის ავიახაზებს ექნება უფლება ამ ქვეყნებში რეისები განახორციელოს, მეტიც საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ კატარის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. ყოველდღიურად კატარის მიმართულებით აღნიშნული ავიაკომპანიები 40-ზე მეტ რეისს ახორციელებენ, რითიც 10 ათასზე მეტი მგზავრი სარგებლობს, მათ დიდი ნაწილი კატარში სატრანზიტო რეისისთვის ჩადის. თუმცა ეს შეზღუდვა გაცილებით ფართომასშტაბიან შეზღუდვაში შეიძლება გადაიზარდოს, თუ აღნიშნული ქვეყნები კატარიდან მომავალ რეისებს საჰაერო სივრცეს დაუხურავენ.

საავიაციო ანალიზის ცენტრ CAPA-ს შეფასებით, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საემიროების მიერ კატარის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას შესაძლოა Qatar Airways-ის რეისების სრული შეჩერება მოჰყვეს. 

ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრის რუკა:


ფოტო: IVAO

კატარი სამხრეთიდან ჩაკეტილია საუდის არაბეთის საჰაერო სივრცით, დასავლეთიდან და ჩდრილოეთიდან ბაჰრეინის საჰაერო სივრცით, აღმოსავლეთიდან კი გაერთიანებული საემიროების საჰაერო სივრცით. ქვეყნის თვითმფრინავებს უკვე აკრძალული აქვთ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გამოყენება, აკრძალვის გაფართოების შემთხვევააში კი ქვეყანა შესაძლოა სატრანსპორტო ბლოკადაში მოექცეს.

დიპლომატიური კრიზისი ორშაბათს დაიწყო, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კატარი ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რასაც თავისმხრივ, კატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები