დისკრიმინაცია

ომბუდსმენი: Maxim-ის მძღოლმა ტრანსგენდერ ქალს უარი უთხრა ტაქსით მომსახურებაზე

სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლ გ.გ.-სა და ტაქსის კომპანია „Maxim“-ს გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მძღოლმა ტრანსგენდერ ქალს უარი უთხრა ტაქსით მომსახურებაზე.

"სახალხო დამცველი დაეყრდნო არამხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე ტაქსის მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლგბტ თემი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია და ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან დაბრკოლებას მომსახურების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შპს „ტექნოკომის“ პასუხისმგებლობის საკითხსაც. ტაქსის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისით ჯეროვანი სარგებლობა თანასწორად შეძლოს ყველა ადამიანმა. ამასთან, შპს „ტექნოკომის“ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა მომავალში შესაძლოა საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციის წახალისებას" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლს რეკომენდაცია მისცა, ტაქსის მომსახურების გაწევისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მოემსახუროს მგზავრებს მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად. შპს „ტექნოკომს“ კი მიმართა, შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი- დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას. ასევე, ტაქსი „Maxim“-ის ვებ-გვერდზე დაამატოს პარამეტრი, რომელიც „Maxim“-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ. სახალხო დამცველის აზრით, სწორედ აღნიშნულ პარამეტრზე თანხმობა უნდა იყოს მძღოლების კომპანიაში გაწევრიანების წინაპირობა.

კომენტარები