ტრანსპორტი

საუდის არაბეთმა კატარის ავიაკომპანიებს ქვეყანაში დაშვება აუკრძალა

qatar airways

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დიპლომატიური კრიზისის გამო კატარის ყველა ავიაკომპანიას ქვეყანაში დაშვება აუკრძალა. აკრძალვა შეეხება კერძო და ჩარტერულ რეისებსაც.

ამავდროულად, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიებმა კატარში ავიარეისების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

Etihad, Emirates და FlyDubai სამშაბათიდან კატარის მიმართულებით არცერთ რეისს აღარ შეასრულებენ. სავარაუდოდ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ეგვიპტური ავიახაზებიც გეგმავენ. 

ყოველდღიურად კატარის მიმართულებით აღნიშნული ავიაკომპანიები 40-ზე მეტ რეისს ახორციელებენ, რითიც 10 ათასზე მეტი მგზავრი სარგებლობს, მათ დიდი ნაწილი კატარში სატრანზიტო რეისისთვის ჩადის.

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და კატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. 

მათი განცხადებით, კატარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ ქაიდას ეხმარება, რასაც თავისმხრივ, კატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

საუდის არაბეთის მედიის ცნობით, ქვეყანამ ასევე დახურა და გაამკაცრა სახმელოთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარის კონტროლი კატართან.

კომენტარები