სახელმწიფო ინსტიტუტები

პრეზიდენტი: ვიდეოკასეტებით ომი კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შეხვდა. პრეზიდენტმა იმ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელშიც თორდია მონაწილეობს და აღნიშნა, რომ კითხვები ჩნდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით.

"უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა იმ ვითარებაში, როდესაც, სამწუხაროდ, გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. იმას, რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, სჭირდება ძალიან ნათელი და პირდაპირი პასუხი. ჩვენ დღეს ერთსა და იმავე ტენდენციას ვხედავთ - მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება და ამის მერე ვხედავთ, რომ არამარტო კონკრეტული პრობლემები რჩება პასუხგაუცემელი საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური, სახელმწიფოებრივი ინსიტიტუტების დაცულობასთან მიმართებით", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს მდაბიო პიარ ომი, იმის იმედით, რომ საზოგადოება მნიშვნელოვან საკითხებზე თვალს დახუჭავს.

"დღეს, როდესაც რამდენიმე კვირა გავიდა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარომის გარდა, მაქვს კითხვა - როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე?! ვიდეოკასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მოქალაქეებთან და შემდეგ ქვეყნის გარეთ. მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებას და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. მდაბიო პიარ ომს, რომლის მაყურებელიც მთელი საზოგადოება გახდა, საზოგადოება იმიტომ გასცემს პასუხს, რომ მათთვისაა გაკეთებული ეს ომი. ეს ვიდეოკასეტებით ომი საზოგადოებაზე აქცენტის გაკეთების იმედია. იმედია, რომ ვინმე იტყვის, თვალი დავხუჭოთო, რომ საზოგადოებას არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტი, რომ სახელმწიფოა მნიშვნელოვანი და შევა ამ ჭორაობაში და თვალს დახუჭავს მნიშვნელოვანზე", - თქვა მარგველაშვილმა.

ლაშა თორდიას თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მხარდაჭერა, რაც აუდიტის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. მთავარი აუდიტორი ამბობს, რომ "რა ვიდეოჩანაწერიც უნდა გავრცელდეს, ჩვენ საქმიანობას მაინც განვახორციელებთ".

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით.

კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც ფალიაშვილზე ერთ-ერთ ბარშია გადაღებული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები