რასიზმი

ჯეიმსი რასისტული შინაარსის მქონე გრაფიტიზე: ამერიკაში შავკანიანობა რთულია

Getty Images

ლოს ანჯელესში NBA-ს სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის სახლზე რასისტული შინაარსის მქონე გრაფიტი დახატეს. აშშ-ის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ფაქტს თავად კალათბურთელიც გამოეხმაურა.

"არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცნობილი ხარ... შავკანიანობა ამერიკაში რთულია. რასიზმი ყოველთვის იქნება მსოფლიოსა და ამერიკის ნაწილი. ამერიკაში აფროამერიკელებისადმი ზიზღი - ყოველდღიურობაა. ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი იქამდე, სანამ აფრო-ამერიკელები ამერიკაში თავს თანაბარუფლებიანებად ვიგრძნობთ", - თქვა კლივლენდ კავალიერსის ლიდერმა.

32 წლის კალათბურთელი დღეს NBA-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია, ჯეიმსი კლივლენდისგან წლიურად 30 მილიონ დოლარზე მეტს იღებს.

2 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსი NBA-ს ფინალში გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდება. ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში, ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს პლეი-ოფში დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.

კომენტარები