საზოგადოებრივი ტუალეტი

მერია თბილისში 30 ფასიანი ტუალეტის დადგმას გეგმავს, გადახდა მეტრომანით მოხდება

Getty Images

თბილისის მერია 2017 წლის ბოლომდე ქალაქში 30 ფასიანი ტუალეტის დადგმას გეგმავს. მერიამ დღეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "კონსალტინგ გრუპთან" გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება.

ტუალეტების დადგმის ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის  სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ  და შპს „კონსალტინგ  გრუპის“ დირექტორმა შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს. კონტრაქტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია 20 წლის მანძილზე, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებში იქნება ტუალეტების ოპერატორი.

მერიის ცნობით ტუალეტები ფასიანი იქნება, მათში გადახდა კი შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ისე უნაღდო საშუალებით, მათ შორის მეტრომანის ბარათებით.

ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული  საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და, ასევე, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი. 

მერიის ცნობით, აღნიშნული ტუალეტები "ანტივანდალური" მასალებით იქნება მოპირკეთებული, რაც მათი დაიზანების რისკს შეამცირებს. მათი მოვლა-პატრონობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა  აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ევალება. მოიჯარე   ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. 

კომენტარები