განათლების სისტემა

მიმინოშვილი: 12 000-მდე მოსწავლე ვერ ადასტურებს მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას

http://www.schoolintellect.com/

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, საატესტატო გამოცდების წლევანდელი შედეგები შარშანდელისგან "დიდად არ განსხვავდება". მისთვის უცნაურია ის, რომ "სავალალო შედეგზე" მხოლოდ დღეს საუბრობენ. მიმინოშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების ახალი სისტემის დანერგვის წინააღმდეგი იყო. 

"ძალიან ბევრი პრობლემა არსებობდა და არსებობს სასკოლო განათლების საფეხურზე და სანამ ამ პრობლემების მოგვარებას არ დაადგება საშველი, ახალი საგამოცდო სისტემის შემოღება არანაირად არ არის გამართლებული"- ამბობს მიმინოშვილი. მისი შეფასებით, სასკოლო საფეხურზე არსებული ვითარება "არასახარბიელოა".

"საატესტატო გამოცდების სისტემით ვცდილობთ შევამოწმოთ მინიმალურზე მინიმალური კომპეტენცია, და აი, სახეზე გვაქვს ის, რომ 12 000-მდე მოსწავლე ვერ ახერხებს მინიმალურზე მინიმალური კომპეტენციის დადასატურებას" - თქვა მიმინოშვილმა.

კითხვაზე, წლების მანძილზე უარესდება შედეგები თუ უმჯობესდება, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი პასუხობს, რომ "ათასით მეტი იქნება თუ ათასით ნაკლები ასეთი მოსწავლე, ვერაფრით ვერ ვიმსჯელებთ... ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ,". მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ "ბევრი კვლევის მიხედვით, სერიოზული პრობლემები განსაკუთრებით, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გვაქვს".

კომენტარები