საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

ტაბულა

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე 500 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა (PDF დოკუმენტი) ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ლარში ნომინირებული ობლიგაციები საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს ბანკის ეს ნაბიჯი ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებისთვის გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, ისტორიაში პირველად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა მოხდა არა უცხოურ, არამედ ეროვნულ ვალუტაში. ანუ ინვესტორმა, რომელიც ობლიგაციას ყიდულობს, იცის, რომ მას ლარში გადაუხდიან იმ ვალს, რომელსაც დღეს საქართველოს ბანკი მოიზიდავს. ანუ ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და საქართველოს,"- ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები