ბავშვთა უფლებები

ომბუდსმენი "ბავშვების დროზე": შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმიანება ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დროში" გასულ ვიდეომალას, რომელიც "ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის".

ომბუდსმენი თვლის, რომ ამ ვიდეოს გავრცელებით შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა, მომავალში მის პიროვნულ განვითარებაზე დამანგრეველი ეფექტი იქონიოს.

"ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის მომზადების და გაცემის პროცესს და დაიცვას ის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიასაშუალებებმა უარი უნდა თქვან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე,"- წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ინტერნეტგადაცემის "ბავშვების დრო" წინააღმდეგ ბავშვთა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს პროკურატურას, მათ ასევე მიმართეს სოციალურ სამსახურს ბავშვის დედის წინააღმდეგ. ამასთან, საქართველოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორმა გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის პირადი ვიდეოს გამოქვეყნება დაუშვებელია. 

გადაცემის Facebook გვერდზე წინასწარ დაანონსდა, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმდებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინათ ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშად დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. 

გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოწოდებით ასევე მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა გადაცემა მაინც გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც იურისტებმა განაცხადეს, რომ მათ პროკურატურასა და სოციალურ სამსახურს მიმართეს, გადაცემის სამუშაო ჯგუფმა აღნიშნული ვიდეო და ფოტო მასალა წაშალა და გამოაქვეყნა განცხადება, რომ მასალა დედის თხოვნით ამოიჭრებოდა გადაცემიდან. 

კომენტარები