ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმის ეპარქია: მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნდა

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/ Ana Akhaladze

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ეპარქია საზოგადოების შეკითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან მათი მტკიცებით, პასუხებმა, შესაძლოა, გამოძიება შეაფერხონ. 

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს არ გააჩნდა ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

"სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ადვილად შესამჩნევია ერთი გარემოება, რომ ჟურნალისტების, სტუმრებისა და ადვოკატების მხრიდან ხშირად გარკვეული მინიშნებები კეთდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სადაო ქმედებებთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის კავშირზე, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, თითქოს ამით ვიღაც არის დაინტერესებული. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით,"- წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეპარქიაში არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ მამალაძეს მიტროპოლიტ შიოლაშვილთან საუბარი არ ჰქონია. 

"რაც შეეხება მის საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ. 

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ ამომწურავ პასუხებს გავცემთ,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები