თვითმმართველი ქალაქები

პრეზიდენტი: ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ევროპულ მართვას ეწინააღმდეგება

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევას ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენციას უწოდებს, რაც აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას. განცხადება დღეს გიორგი მარგველაშვილის სპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.

"გაგაცნობთ პრეზიდენტის პოზიციას თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, შეგახსნებთ თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას.
საქართველოს პარლამენტმა ქარტიის რატიფიცირება მოახდინა 2004 წელს. ქარტიის მთავარი პრინციპია თვითმმართველობის განვითარება, გაღრმავება და არა შესუსტება და შეზღუდვა.
ევროპაში, რომლის ნაწილიც არის საქართველო და საითკენაც მივისწრაფვით ჩვენ, თვითმმართველობა არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი.

პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ახლა ხდება თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებით, არის ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენცია და აფერხებს სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას, ვინაიდან თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში", - ამბობს მიშველაძე.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის სტატუსი უკვე ჩამოერთვა გორს, ზუგდიდს და თელავს.

კომენტარები