ტერაქტი დიდ ბრიტანეთში

მარგველაშვილი: ცალსახად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

facebook.com/PresidentMargvelashvili

„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას” - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდ ბრიტანეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება. პრეზიდენტი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ხალხს თანადგომას უცხადებს.

"შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს."- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მანჩესტერ არენაზე, ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ. დადასტურების შემთხვევაში, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იქნება 2005 წლის ლონდონის მეტროს ტერაქტების შემდეგ.

კომენტარები