გაფლანგვა

თანხების გაფლანგვისთვის Mfx capital-ის მფლობელებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას“ და შპს „ემეფიქს გრუპის“, ასევე ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია Master services inc-ის ხელმძღვანელმა პირებმა 2014-2017 წლებში მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით.

"აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა ნაცვლად ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თანხების მიზნობრივად ინვესტირებისა, გაფლანგეს 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა - ჯამში 1 589 266 აშშ დოლარი. 

მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.

კომენტარები