ეკა ბესელია: ვმუშაობთ, რათა უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ იყოს იოლად შესაძლებელი

ტაბულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტი მუშაობს საკოანონმდებლო პროექტზე, რომლის შედეგადაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა გართულდება. საუბარია მიწის შესახებ ორგანული კანონის შექმნაზე, რომელიც უცხოელებზე მიწების მიყიდვას ან იჯარით გადაცემას მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში დაუშვებს.

"ჯერ-ჯერობით ორგანული კანონი მუშაობის პროცესშია, როდესაც დასრულდება მსჯელობა ამის შემდეგ იქნება ზუსტ პრინციპებზე უკვე საუბარი. ჩვენ ვართ მომხრე, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც არ არის უხვი ჩვენს ქვეყანაში, მისი გასხვისება არ იყოს იოლად შესაძლებელი და არსებობდეს ისეთი მექანიზმები, რომელიც დაიცავს ამ ძალიან მნიშვნელოვან რესურსს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით პრინციპების დონეზე ახლა ვმუშაობთ ამ ცვლილებებზე", - ამბობს ბესელია.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტში (PDF დოკუმენტი) მიწის შესახებ ჩანაწაწერი ასეთია:

მუხლი 19

"მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი"- ამ ორგანული კანონის პროექტზე საუბრობდა ეკა ბესელია. 

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

კომენტარები