ღამის მგლები

შსს: "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა

ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პუტინის "ღამის მგლების" წევრის ვაკის პარკში მისვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. "ღამის მგლების" ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ. როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა "ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს", - ამბობენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის და სხვა ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს "ღამის მგლების" არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ. შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

თბილისში, ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, პუტინის "ღამის მგლების" წევრი მივიდა.

მაისის დასაწყისში "ღამის მგლების" 50-მდე ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს.

 

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ - ვინ არიან "ღამის მგლები"?

კომენტარები