დორტმუნდში მომხდარი აფეთქება ტერაქტი არ იყო, ეჭვმიტანილს ფულის შოვნა სურდა

Reuters

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის მოტივი ფულის შოვნა იყო. შესაბამისად, თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მოეხსნება.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის განხორციელებამდე ეჭვმიტანილმა ინტერნეტით საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას 15 000 აქცია შეიძინა, რაც 78 000 ევრო დაუჯდა. თავდასხმის შედეგად აქციების ღირებულების შემცირების შემთხვევაში კი, დაკავებული 4 მილიონ ევრომდე მოგებას ნახავდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იმავე სასტუმროში გაჩერდა, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსიას“ გუნდი განთავსდა. მან წინასწარ დაჯავშნა ნომერები სხვადასხვა თარიღზე, 9-13 აპრილზე და 16-20 აპრილზე. 

11 აპრილს, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსთან 3 მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გარდა ამისა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მეოთხე მოწყობილობაც იპოვა.

აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. აფეთქება დორტმუნდსა და მონაკოს შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური მატჩის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მოხდა. მატჩი მომდევნო დღეს გაიმართა.

კომენტარები