უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ორი პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 1962 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ქარხნული წესით დამზადებული კომბინირებული სანადირო თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები