ულტრასები

შვედეთში სტადიონებზე ნიღბით შესვლა აკრძალეს, ულტრასებმა ნიქაბის ტარება დაიწყეს

Instagram/sektionultras

შვედეთში 1 მარტიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც საფეხბურთო მოედნებზე მისულ გულშემატკივრებს ნიღბის ტარებას უკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ რელიგიური მიზეზის შემთხვევაში დაიშვება.

ამ გზით შვედეთის მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ადგილობრივი საფეხბურთო გუნდების რადიკალურ მხარდამჭერთა ჯგუფებს [ულტრასებს], რომლებიც ხშირად ძალადობენ და არღვევენ წესრიგს. აკრძალვა იმ რადიკალებს შეეხებათ, რომლებიც სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვის გზით სამართალდამცველებს მათ იდენტიფიცირებას ურთულებდა.

რეგულაციის თანახმად, ვინც ამ აკრძალვას არ გაითვალისწინებს, 6 თვით ციხეში აღმოჩნდება.

თავდაპირველად პროექტს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. სამართალდაცველთა ნაწილი თვლიდა, რომ რთული იქნებოდა გარკვევა, ადამიანს ნიღაბი რელიგიური მიზეზით უკეთია თუ არა, თუმცა შვედეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელის თქმით, ამის გარჩევა რთული არ არის.

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, 2 აპრილს, საფეხბურთო კლუბ აიკის ფანებმა აკრძალვა მასობრივად გააპროტესტეს. აიკი-ჰეკენის მატჩზე, აიკის ულტრასები ნიღბების ნაცვლად ნიქაბებით [მუსლიმი ქალების თავსაბურავი] მივიდნენ. მათი თქმით, ნიღბები ულტრასების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და ამ გზით ისინი ახალ კანონს აპროტესტებენ. გარდა ამისა, მათ კანონის ინიციატორს, შვედეთის იუსტიციის მინისტრს ანდრეს იგემანს მადლობაც გადაუხადეს კანონში ლაფსუსის დატოვებისთვის, რომელმაც მათ ნიქაბების გამოყენების საშუალება მისცა. იგემანმა კი აღნიშნა, რომ აიკის გულშემატკივრებს საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონიათ.

კომენტარები