ადვოკატი: შესაძლოა, ცენტრ პოინტის დაზარალებულთა ნაწილი აპელაციამდე დავაკმაყოფილოთ

IPN

რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ცენტრ პოინტი ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე დაზარალებულთა ნაწილის დაკმაყოფილება მოხდეს.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ტაბულას უთხრა, ინვესტორს აქვს შესაბამისი ფინანსები და ახლა შესწავლის პროცესშია, ფინანსურად რამდენად მოგებიანია მისთვის პროექტში ჩართვა.

"მე ამ საქმეში ჩავერთე 2013 წლიდან, პირველად ბრალი რომ წარედგინათ და იქედან მოყოლებული, რჩეულიშვილების პოზიცია არის, რომ რაღაცნაირად დაზრალებულები დააკმაყოფილონ. რაღაც-რაღაცები მოხერხდა ნაწილობრივ, მაგრამ ძალიან ბევრი დარჩა კიდევ ისეთი, ვინც არ არის დაკმაყოფილებული. რაც მე საქმეში ჩავიხედე, ქონებრივი რესურსი აქვთ, უბრალოდ, ამ ყველაფრის აღსრულებისთვის თავისუფალი ფულია კიდევ საჭირო. დღესაც მუშაობენ ამ საკითხზე და არ არის გამორიცხული, რომ აპელაციამდე მოხერხდეს და საკითხი დაიძრას. რამდენიმე ობიექტი დარჩა ყველაზე რთული და არის კონკრეტული ინვესტორი, სერიოზული ინვესტორი, მუშაობენ ამ საკითხზე. პროკურატურამაც იცის და ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს. ზუსტად აქეთკენ არის მიმართული ახლა მთელი მუშაობა", - ამბობს მამუკა ჭაბაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ინვესტორთან მოლაპარაკება დასრულდება, შეხვდებიან დაზარალებულებს და მათთან ერთად განიხილავენ საკითხს.

"ახლა ყველა ფიზიკურად ვერ აშენდება და ვერ დამთავრდება, მაგრამ რეალური გეგმა უნდა გაიწეროს, უნდა ნახოს პროკურატურამ, რომ ფული ან საბანკო გარანტია არის. ამ ყველაფრის მერე მოხდება დაზარალებულებთან შეხვედრა, მათთან ერთად გავივლით ამ საკითხს, რომ დაინახონ და რწმენა შეექმნათ, რომ ცენტრ პოინტი კი არა, სხვა კომპანია, თავისი საბანკო გარანტიებით დაასრულებს ყველაფერს. სამ-ოთხ თვეში ვერ ავაშენებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დასრულდეს საქმე საპროცესო შეთანხმებით. არც პროკურატურას და არც არავის სჭირდება რჩეულიშვილების ციხეში ყოფნა, უბრალოდ, რაღაც რეაგირება უნდა მოახდინონ, როცა ამდენი დაზარალებული გაწუხებს", - ამბობს ადვოკატი.

მამუკა ჭაბაშვილის თქმითვე, ინვესტორის გადაწყვეტილებამდე უცნობია, რამდენი დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება პირველ ეტაპზე

"ინვესტორი დაასრულებს ობიექტებს. მისი ინტერესია, რომ მერიამ კორპუსების სართულების რაოდენობა გაზარდოს, შემდეგ კი დაასრულებს და თავისი მოგებაც ექნება. ამ თანამშრომლობაზე მოდის მერიაც. ინვესტორს აქვს შესაბამისი ფინანსები, ახლა შესწავლის პროცესშია, ფინანსურად რამდენად მომგებიანია მისთვის ამ პროექტში ჩართვა", - ამბობს მამუკა ჭაბაშვილი ტაბულასთან.

ცენტრ პოინტის საქმის ერთ-ერთი პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, თუ დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან, ბრალდების მხარე მზადაა, იმსჯელოს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

კომენტარები