მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ახალაიებზე: პატრიარქი ამ ოჯახის მიმართ გამორჩეული გრძნობებით იყო

exclusivenews.ge

მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) ეკა ხოფერიას გადაცემაში ყოფილი მაღალჩინოსნების, ახალაიების ოჯახზე ისაუბრა. მეუფემ აღნიშნა, რომ როლანდ ახალაიას უყვარდა მასთან სტუმრობა. 

მეუფე პეტრეს თქმით, 2011 წელს, უმცირესობების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, პატრიარქის გარემოცვის გამო, სიტუაცია დაიძაბა, რის შემდეგაც მას როლანდ ახალაია ესტუმრა. 

"ჩამოვიდა ჩემთან ბატონი როლანდი, არც ვიცი, ვერც გავერკვიე, რა ხდებაო, ფაქტია, რომ რაღაც დაძაბულობააო და, შეიძლება, პატრიარქსა და ხელისუფლებას, პრეზიდენტს შორის მოხდეს დაპირისპირებაო. აი, ტაძრის წინ ასე ვიდექით და პირჯვარი გადაიწერა თვალცრემლიანმა და მითხრა, რომ აქ იმიტომ ჩამოვედი თქვენთანო, რომ ასე გადაეცით მის უწმინდესობას, ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქმე გართულდეს, დაპირისპირება მოხდესო, მაგრამ მე და ჩემი ორივე შვილი პატრიარქის მხარეს ვდგავართო. ამას რა დამავიწყებს,"- იხსენებს მიტროპოლიტი. 

მეუფე პეტრე ასევე იხსენებს, რომ ბაჩო ახალაია ახალდანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრად, როცა პატრიარქთან დარეკა და კურთხევა სთხოვა. მეუფეს თქმით, ილია II-მ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დიდი სხდომა გამართა, სადაც ბაჩო ახალაიაც მიიწვია. მეუფე პეტრე იხსენებს, რომ ყოფილ შს მინისტრს პატრიარქი ტაშით დახვდა. 

"როცა შემოვიდა [ბაჩო ახალაია], იმდენად უყვარდა პატრიარქს, ამ ოჯახის მიმართ იყო გამორჩეული გრძნობებით, გრძნობდა მათ გულწრფელ სიახლოვეს, ფეხზე წამოდგა, მივესალმოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბაჩო ახალაიასო, ტაში დაუკრა და მთელი დარბაზი აყვა უწმინდესს,"- იხსენებს მეუფე პეტრე.

მისი თქმით, ეს მოვლენა ბაჩო ახალაიას დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.  

"უკვე 2-3 თვეში ეს ადამიანი ხვდება ციხეში. ადამიანი, რომელიც თავისით ჩამოვიდა რამდენიმე დღეში, თვითონ გადმოლახა საზღვარი, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, ფაქტობრივად, ესეც ხომ დასაფასებელია და მე მიმაჩნია, რომ ამ ოჯახს ქვეყანა უყვარდათ და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად. სად მოხდა გადაცდომა. ყველგან პრობლემა არის გადაცდომა, წითელი ხაზის გადალახვა, რომელიც ასევე, საპატრიარქოშიც არსებობს,"- ამბობს მეუფე პეტრე. 

კომენტარები