სასამართლო სისტემა

შესაძლოა, ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიონ

ოთარ სიჭინავა
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ოთარ სიჭინავას, რომელიც საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი იმით გახდა, რომ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და კაბელების საქმის განხილვის ნაცვლად, თბილისში ძაღლებს ასეირნებდა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

სიჭინავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი უკვე წარადგინა და მეორე ეტაპზეც გადავიდა. მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სურს უვადო მოსამართლეობა.

როგორც ცნობილია, "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, თუ მას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სიჭინავამ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა გასულ წელს ამოწურა.

მოსამართლეთა კონკურსის მეორე ეტაპის გადალახვის შემდეგ, გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურებია დარჩენილი.აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის გაგრძელება რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ შორენა ყაველაშვილსაც სურს, მან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უკვე ამოწურა. ყაველაშვილს განაცხადი წარდგენილი აქვს ვაკანსიაზე როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

კომენტარები