ვიზალიბერალიზაცია

მღებრიშვილი: მესაზღვრე მოქალაქეს გააფრთხილებს მოსალოდნელი რისკების შესახებ

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც მესაზღვრე-კონტროლიორებს დამატებითი მოვალეობები უჩნდებათ, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრებას, მათი დოკუმენტაციის შემოწმებასა და გაფრთხილებას მოსალოდნელი რისკების შესახებ.

"დღეს მოვაწერე ხელი ბრძანებას, რომლის თანახმადაც მესაზღვრეებს დაევალებათ, დეტალურად გაესაუბრონ მოქალაქეებს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო რეჟიმის პირობებთან დაკავშრებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე-კონტროლიორი ამასთან დაკავშირებით მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შსს მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისათვის, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ", - თქვა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილისვე თქმით, ევროპელ კოლეგებთან საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით საქართველოს შსს-სა და ევროპულს შორის შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერება.

შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმი ძალაში ხვალიდან შედის.

კომენტარები