საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

Elabe: საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველ ტელედებატებში მაკრონმა გაიმარჯვა

AFP

კომპანია Elabe-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატების გამარჯვებული ემანუელ მაკრონი გახდა. 

რესპონდენტთა 29 %-ის აზრით, პარტია En Marche!-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი ყველაზე დამაჯერებელი იყო. მეორე ადგილი ხმების 20 %-ით, პარტია დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა დაიკავა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა და რესპუბლიკელმა ფრანსუა ფიიონმა ხმების 19-19 % მიიღეს. სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ბენუა ამონმა კი ხმების 11% მოაგროვა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. მასში ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იქნებიან. გამოკითხვების მიხედვით არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად დიდი ხნის განმავლობაში მარინ ლე პენი მიიჩნეოდა, მეორე ტურის ფავორიტად კი - ემანუელ მაკრონი, თუმცა უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მაკრონმა შესაძლოა არჩევნების პირველ ტურშიც გაიმარჯვოს. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს შედგება.

კომენტარები