ე.წ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნებზე: მას ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, ე.წ არჩევნები საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.

"ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი. იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ არ დაუშვან ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია.

"მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ",- წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

კომენტარები