დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის დედა: მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

რამდენიმე წუთის წინ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დატოვეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, დეკანოზის დედის თქმით, მას მეუფესთან [მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან] საუბარი "აღსარების დონეზე ჰქონდა". შეხვედრის სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

დღეს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპარქია ნდობას უცხადებს საგამოძიებო ორგანოებს და გამოძიების დასრულებამდე საჯარო განცხადებებს არ აკეთებს.

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს. მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. თავდაპირველად, პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ ინფორმაცია "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მოწამვლის მომზადების მცდელობაზე მიაწოდეს, შემდეგ კი განმარტა, რომ "პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა". მოგვიანებით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადებას ედავებიან.

კომენტარები