GDS

GNCC: GDS გასართობ-შემეცნებითი არხი გახდება

fb.com/GDSofficial

GDS სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე გადადის და გასართობ-შემეცნებითი არხი გახდება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

"შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და მაუწყებლობის სახის მოდიფიცირება მოითხოვა. კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა და შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"კერძო საერთო მაუწყებლობის ნაცვლად საზოგადოებას კერძო სპეციალიზებულ (გასართობ/შემეცნებით) მაუწყებლობას შესთავაზებს", - წერია განცხადებაში.

მედიაჰოლდინგ "იმედის" მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. შესაბამისი გარიგება საჯარო რეესტრში 28 იანვარს არის ასახული.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ მხარეები ფასზე მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოილაპარაკებენ.

ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელი ინა გუდავაძეა.

იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს. ტელეკომპანიამ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედს მაესტროსა და GDS-ზე სარეკლამო დროის 100%-იანი პაკეტი აქვს ნაყიდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს აქამდეც საერთო კომერციული ინტერესები ჰქონდათ. ამასთანავე, არჩევნებზეც ამ არხებმა საერთო ეგზიტპოლი ჩაატარეს.

კომენტარები