თბილისის მერიის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე მიზანმიმართულად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და შენობაში შეჭრას". მერია საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიიდან რამდენიმე მილიონის გადაცემას აპროტესტებენ.
"გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჟიოტაჟის შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, არაერთხელ გაეცა პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია. თბილისის მერია არ გაცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარტიის აქტივისტების მცირე ჯგუფი მაინც ცდილობს თემის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, რაც გასაგებ მიზნებს ემსახურება - „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შესვლა თავისუფალია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრა ხელს შეუშლიდა მერიის თანამშრომლების საქმიანობას და ადმინისტრაციული ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას, რაც უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აღკვეთა", - აცხადებს მერია.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-მ დაუდასტურა. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიიდან რამდენიმე მილიონის გადაცემას აპროტესტებენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა სურდათ, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.




