შრომის ინსპექცია

სერგეენკო: ადამიანებს ჰგონიათ, რომ შრომის ინსპექცია არის ჯადოსნური ჯოხი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლებისა და "ბიბლუსის" თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები განმარტა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და სწორი წარმოდგენა, რას აკეთებს და რა მოქმედების არეალი აქვს შრომის ინსპექციას. ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც უნდა უმატოთ და უმატოთ თანამშრომლები და იარონ, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მაგალითად, გუშინდელი შემთხვევა "ფრესკოში", მართლაც დაგვაინტერესა და ვნახეთ და არცერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია. იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ აამუშაოს თავისი მანდატი, ორი მიმართულება არსებობს: ტრეფიკინგი და შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი. ყველაფერს აქვს თავისი დადგენილი წესი და ამ წესის მიხედვით, თუკი ეს არის შრომითი კოლექტიური დავა, ეს საერთოდ სხვა სამსახურია, ეს არის შრომითი დავების მედიაციის სამსახური", - განმარტა სერგეენკომ.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია არ არის ის "ჯადოსნური ჯოხი", რომლითაც შრომის უსაფრთხოების საკითხები მოგვარდება. 

"როდესაც ხშირად საუბარია შრომის უსაფრთხოებაზე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ შრომის ინსპექცია არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს მოაგვარებს და რატომღაც სამინისტროს ჯიუტად არ სურს ამის დანერგვა. სინამდვილეში, შრომის უსაფრთხოება არის 6-ეშელონიანი სისტემა და შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობა. 

ანონიმური ზარების გამო, რომ შრომის ინსპექციამ ან შრომის დავის მედიატორმა დაიწყოს ობიექტ-ობიექტ სიარული, წარმოუდგენელია უბრალოდ ეს. და კიდევ ერთი, შრომითი დავების მედიაციას და შრომის ინსპექციას აქვს თავისი ფუნქცია და ისინი არ ჩაანაცვლებენ სასამართლოს. თუ ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართოს სასამართლოს, ხოლო თუ კოლექტიური შრომითი დავაა, ამას აქვს თავისი პროტოკოლი და უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს", - ამბობს სერგეენკო. 

სერგეენკოს განმარტებით, "ბიბლუსის" თანამშრომლების შრომითი დავა არ მიეკუთვნება კოლექტიურ შრომით დავას და არის ინდივიდუალური. 

კომენტარები