საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანთაძე: ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია

ია ანთაძე
GDS

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის თქმით, "ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი". ამასთან, ინტერპრესნიუსის ცნობით, ანთაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს იმ პირების სია, ვინც სამსახურიდან უნდა გაუშვან. მისი თქმით, შეტანილია სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც სამეურვეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

"სტრუქტურა პრინციპულად არ იცვლება, თუმცა, სტრუქტურაში ცვლილება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს თანამშრომლების კუთხით და გადაცემის კუთხით. სია ადამიანების, ვინც შეიძლება არ იმუშაოს, არ არსებობს და არ შეიძლება, ასეთი სია არსებობდეს. თუ სტრუქტურიდან ამოვარდა, მაგალითად, მედიაწარმოების ბლოკი და თუ ამას მხარი დაუჭირა ბორდმა, ეს ნიშნავს, რომ ვინც მედიაწარმოების ბლოკში მუშაობდა, ისინი შეიჩერებენ უფლებამოსილებას. ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი. ყველაფერი არის და იქნება კანონის კალაპოტში", - განაცხადა ია ანთაძემ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა გუშინ წარმოადგინა. მისი გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მისივე შეთავაზებით, მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ყველა გადაცემა ფუნქციონირებას აგრძელებს. 

კომენტარები