ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: სესხების გალარებისთვის ბანკებს 2000-ზე მეტმა მიმართა

ზურაბ გვასალია
ტაბულა

2015 წლამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების გალარების მიზნით, კომერციულ ბანკებს 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას თქმით, 100-ზე მეტ კლიენტს დოლარის სესხი უკვე გაულარდა, მათი საშუალო პროცენტი კი 10-11%-ა.

ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის.

სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, მათი წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო სესხის ნარჩენი ოდენობა - 100,000 აშშ დოლარზე მეტი. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, გალარების პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ეს, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, პროგრამა სულ შეეხება დაახლოებით 27 ათას ფიზიკურ პირს, რომელთა სესხის საშუალო მოცულობა $15 ათასია. ჯამში ამ სესხების მთლიანი პორტფელი დაახლოებით $400 მილიონია. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.73-ია, გალარებისას კურსი 2.53-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

გალარების შედეგად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $400 მილიონით შეიძლება შემცირდეს:

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პოზიციით, სესხების ამ პორტფელის ლარში გადატანა ამ პირებს სავალუტო რისკებს თავიდან ააცილებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებას ლარზე ზეწოლის შემსუბუქებაც მოჰყვება, რადგანაც მსესხებლებს არ მოუწევთ ყოველდღიურად დოლარის შესყიდვა, რათა ის ბანკში გადაიხადონ, რაც ამ სესხების მხრიდან ლარზე ზეწოლას მოხსნის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.56 მილიარდია, რაც რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს - 12.6%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 2016 წლის მანძილზე კი სავალუტო რეზერვები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.2 მილიარდია (დეკემბერი, ნოემბერი, ოქტომბერი)

კომენტარები