ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ს ჩინური მხარე ყიდულობს

Getty Images

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია CEFC China Energy გახდება, ამის შესახებ მემორანდუმს ხელი CEFC China Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერეს.

CEFC China ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, მისმა რეგისტრირებულმა ბრუნვამ 2015 წელს $35 მილიარდს გადააჭარბა. კომპანია ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში საქმიანობს და ის Fortune Global 500-ის შემადგენლობაში შედის.

კომპანია, ჩინური პრაქტიკის მიხედვით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას გეგმავს, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, CEFC China Energy-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2009 წელს შეიქმნა. მისი ფართობი 300 ჰექტარია. ზონის მფლობელი კომპანია ინვესტორებზე მიწას იჯარით გასცემს. კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ: იმპორტირებულ პროდუქტზე არ იხდიან მოგების, ქონების და საბაჟო გადასახადს. ისინი ასევე გათავისუფლებულები არიან დამატებული ღირებულების გადასახადებისგან (დღგ), თუმცა მოპოვებული ლიცენზიის გადასახადის ყოველწლიურად გადახდა, იმის მიუხედავად, საქმიანობს თუ არა კომპანია, მაინც სავალდებულოა. ფოთის ინდუსტრიული ზონის ბრუნვა წინასწარ განსაზღვრულზე მცირეა.

კომენტარები