მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რუსეთის მიერ ჩვენი არჩევნების დაჰაკვაზე ვაშინგტონს რეაგირება არ ჰქონია

MSNBC

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, MSNBC-ისთან ინტერვიუში, ამბობს, რომ 2012 წელს რუსეთმა საქართველოს არჩევნები "დაჰაკა". როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის 8 ნოემბრის არჩევნებში ჩარევაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს, მან სანქციებიც დააწესა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

სააკაშვილი ინტერვიუში ყვება, რომ საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების "დაჰაკვაზე" ვაშინგტონს რეაგირება არ ჰქონია. მისივე თქმით, აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი მაშინ თვლიდა, რომ სააკაშვილი, პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში, რუსეთთან დაძაბულობის წყარო იქნებოდა.

"რუსეთი ჩაერია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, ბალტიის ქვეყნების არჩევნებში. ისინი ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, უსმენდნენ სატელეფონო ზარებს, იწერდნენ და საიტებზე ტვირთავდნენ ზუსტად არჩევნების წინ. ბინძურ ხერხებს იყენებდნენ. გაოცებული ვარ, რომ, როგორც იქნა, ეს საკითხი დაზვერვის სამსახურის დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა. იმიტომ, რომ 2012 წელს ამერიკელ მეგობრებს გამუდმებით ვატყობინებდით, რომ ეს ხდება ჩვენთან და ვაშინგტონისგან ვიღებდით სიგნალს, რომ თქვენ აჭარბებთ, დაუბრუნდით დემოკრატიულ განვითარებასო.

2012 წელს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ჯეიმს კლაპერს როდესაც ჰკითხეს ამის შესახებ, მან უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის მიერ პროდასავლურად ითვლება, თუ დარჩება ძალაუფლებაში, დაძაბულობის წყარო იქნება რუსეთთანო. მას არაფერი უხსენებია დაჰაკვაზე ან არჩევნებში ჩარევაზე რუსეთის მხრიდან. ახლა მათ აღმოაჩინეს სპილო ოთახში", - თქვა სააკაშვილმა MSNBC-ისთან საუბარში.

კომენტარები