ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პოლიტსაბჭოს სხდომის გასამართად საბჭოს მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.
ჩაშლილ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით კომენტარი ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. მისი თქმით, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის ის იყო, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყვის, ავტომატურად ისე უნდა იყოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს პარტიას.
"ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა (იხილეთ მისი გამოსვლა ზუგდიდში) და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოს ბოიკოტირებით. ძალიან სამწუხარო რეალობაა. დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო. რეაქცია მის გამოსვლაზე იყო - ნახეთ როგორ შეეშინდათ. მძიმეა ეს ვითარება", - თქვა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ისინი ხვდებიან პარტიის რიგით წევრებს და მსჯელობენ იმაზე, თუ რა გააკეთონ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად.
"ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, ეს გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა სამწუხაროდ", - თქვა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნის წინსვლა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება.
გიგა ბოკერიას ასევე კითხეს, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის ჩატარება.
"ისინი აყენებენ ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ თვითონ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ზოგადი დამოკიდებულება. ყველაფერი დაიწყო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კამპანია ღალატზე, კამპანია ივანიშვილთან გარიგებაზე, მერე უკვე უგულვებელყოფა ხდება საკუთარი პარტიის ორგანოების - ასეთი დამოკიდებულებაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პოლიტსაბჭო, რას იზამს", - განმარტავს ბოკერია და ამატებს, რომ თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ვიღაცას აწყობს, მაშინ ეს კარგია და თუ არა, მერე უკვე ბოიკოტს მიმართავენ.
ბოკერიამ მაგალითად პოლიტსაბჭოს წინა გადაწყვეტილება მოიყვანა, რომელსაც არ თანხმებოდა პარტიის ერთი ნაწილი.
"ჩვენი რეაქცია იყო, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს ასე უნდა იყოს. მეორე მხარე, ე.წ ის მხარე, რომლისთვისაც მიშა ავტომატურად მართალია, ისინი იქცევიან სრულიად საპირისპიროდ. თუ არ მოსწონთ, ან პერსპექტივაში ხედავენ ამის საფრთხეს, ლეგიტიმური ორგანოების გადაწყვეტილების უბრალოდ ბოიკოტს ახდენენ, ან უგულვებელყოფენ, ან ღალატზე და შეთქმულებაზე საუბრობენ",- ამბობს ბოკერია.
ბოკერიას თქმით, მთავარი პრობლემა არის ის რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის რეჟიმის გამო ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
"ამ გზით და ამ მეთოდებით და პირდაპირ რომ ვთქვათ ამ დამოკიდებულებით, რომ ბელადი რასაც იტყვის ავტომატურად მართალია, არც პროცედურას არ აქვს მნიშვნელობა და ტალახიც შეიძლება ესროლო შენს თანაგუნდელებსა და ყოფილი თანაგუნდელები უწოდო იმიტომ რომ არ დაგეთანხმნენ, ქვეყნის წინსვლა, ამ რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ არის ეს გამოწვევა", - ამბობს ბოკერია.
დღეს პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა გაავრცელა განცხადება, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ.