სირიის კრიზისი

ენმ ალეპოში არსებულ ვითარებაზე, პარლამენტს განცხადების შემუშავებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადების შემუშავებას ითხოვს. ენმ-მ განცხადების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროზე წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტი ამ განცხადებას მიიღებს. 

გთავაზობთ, ენმ-ის განცხადების პროექტს:

"ვინაიდან, ბოლო პერიოდში სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ, გახშირდა აღმოსავლეთ ალეპოს საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი,

ვინაიდან, ალეპოში ფაქტიურად განადგურდა სასკოლო, ჯანდაცვის და სხვა ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა, ხოლო გახშირებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა,

ვინაიდან გახშირდა ადამიანის უფლებების, ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მასიური დარღვევა,

ვინაიდან ხშირია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობას შეგნებულად აქცევენ ალყაში, რათა მოხდეს მათი იძულებით დევნა, ან შიმშილით მოკვლა,

ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნის მწარე გამოცდილებას,

საქართველოს პარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს,

აღნიშნავს მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას,

შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში,

იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოებისა და თნამშრომლობის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს,

გამოთქვამს მწუხარებას ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების, ქალების და უმწეოების სიცოცხლის მოსპობის გამო,

უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო,

გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს,

გმობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარებას ჰუმანიტარულ კრიზისში,

მოუწოდებს ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის,

მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო შეთანხმებების დაუყოვნებლივ შესრულებას,

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან,

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" - ნათქვამია პროექტში.

სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოში 2012 წლის 19 ივლისს დაიწყო სამხედრო დაპირისპირება ამბოხებულებსა და სირიის რეჟიმის ძალებს შორის, რამაც წლების მანძილზე ათი ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის, ალეპოს 95%-ს სირიის ხელისუფლება აკონტროლებს.

კომენტარები