სქესის ნიშნით დისკრიმინაცია

ომბუდსმენი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დისკრიმინაციულ შეხედულებებს ამკვიდრებს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ეხმაურება ტაბულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტის წამყვანად მამაკაცს ეძებს. ომბუდსმენის განცხადებით, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას.

"დასაქმების სფეროდან ქალთა სეგრეგაციის მიზნით სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება, სამწუხაროდ, დღეს ისევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ქალთა გამორიცხვის მსგავსი აშკარა მცდელობა საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშოა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისი პირობები შექმნას ქალების მიერ შრომის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მიდგომა და საახალწლო ღონისძიების წამყვანის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა მისცეს კანდიდატებს არა მათი სქესის, არამედ შესასრულებელ სამუშაოსთან მათი კვალიფიკაციის შესაბამისობის გათვალისწინებით. ასევე, მომავალში დასაქმების თუ სხვა სფეროში, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული მიდგომებისგან.

კომენტარები