სეზონური გრიპი

როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს ავრცელებს. NCDC-ის ცნობით, ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H3p ცირკულირებს.

გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და განმარტებებს:

რა სიმპტომები აქვთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს?

გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.

როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?

გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

ვინ იმყოფება გრიპის მაღალი რისკის ქვეშ?

გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:

  • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
  • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).

შესაძლებელია გრიპის მკურნალობა?

დიახ, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია!

რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?

უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.

რამდენად სწრაფად გამოვჯანმრთელდები გრიპის შემთხვევაში?

გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).

როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?

გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;

დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა - მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა.

კომენტარები