ვიზალიბერალიზაცია

რუხაძე: საქართველოს საკითხის განხილვა მომავალ კვირას ტექნიკურად შესაძლებელია

ტაბულა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ამასთან დაკავშირებით ტაბულა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი რუხაძეს დაუკავშირდა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. რუხაძის თქმით, მომავალი კვირის დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე მსჯელობა ჩანიშნული ჯერ არ არის.

"ეს ჩემთვისაც სიახლეა. ხვალ დილას, 11:00-ზე უნდა ყოფილიყო ამის განხილვა, თუმცა, ეტყობა გადმოიწია კომიტეტმა, რაც ძალიან კარგია. ჯერჯერობით, მხოლოდ ის წერს, რომ შესაძლებელია სხდომაზე საქართველოს და უკრაინის საკითხის განხილვა. ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა მე ახლა გადავამოწმე დღის წესრიგი და იქ არ არის საქართველოსა და უკრაინის საკითხი. იმედია, რომ მოხვდება, თუმცა, მე მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა, კატი პირი ევროპარლამენტის წევრია და რადგან წერს, ამის საფუძველი აქვს“, - უთხრა გიორგი რუხაძემ ტაბულას.

რუხაძემ ასევე განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გახდა საჭირო შეჩერების მექანიზმის გამარტივება და რა შედეგები ექნება მას.

„მას შემდეგ, რაც უკრაინა და თურქეთი ჩაერთო ამ კალათაში, შეჩერების მექანიზმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი დადგა. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის დიდი პროცედურის გავლა იყო საჭირო. მექანიზმის ახალი ვარიანტის საშუალებით, ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი მისი ამოქმედება. ამ ყველაფრის იდეა არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად აამოქმედოს შეჩერების მექანიზმი წევრმა ქვეყანამ თუ ამა თუ იმ ქვეყნიდან გაიზარდა მიგრანტთა რაოდენობა, ან ბევრმა მოითხოვა თავშესაფარი ან ა.შ “, -ამბობს რუხაძე.

ევროპარლამენტის წევრმა კატი პირმა twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მომავალ კვირას ევროპარლამენტი საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

"როგორც იქნა, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია, მომავალ კვირას უკვე შევძლებთ ხმა მივცეთ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლას", - წერს პირი.

კომენტარები