ბიუჯეტი 2017

გადასახადების ზრდით მთავრობა 518 მილიონის მობილიზებას გეგმავს

ტაბულა

მთავრობა 2017 წელს პრაქტიკულად ყველა გადასახადის ზრდას გეგმავს, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ ყველა ამ გადასახადით მთავრობა 518 მილიონის მობილიზებას გეგმავს.

ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდის ეფექტი ასე გამოიყურება:

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილინი ლარით.

ბენზინზე, დიზელზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-ამდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადთ დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი გადასახადი, რომელიც მცირდება მოგების გადასახდია

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახდიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა იყო.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაგეგმილ ცვლილებებს ეკონომიკური თვალსაზრისით გაუგებარს უწოდებს

კომენტარები