კაპანაძე: სწორი ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვაა, არა - მოხმარების შეზღუდვა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, მთავრობის მხრიდან სწორი ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვაა, არა - იმპორტისა და მოხმარების შეზღუდვა. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

"იმედი მაქვს, რომ უმრავლესობაშიც არიან საღი აზრის მქონე, მათ შორის ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ეს ინიციატივები. კარგია, რომ ესმით მთავრობაში, რომ პრობლემა, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია, არის ძალიან დიდი დისბალანსი იმპორტს და ექსპორტს შორის და ის, რომ მკვეთრად უარყოფითი სალდო გვაქვს. ამისი პასუხი და ამაზე სწორი რეაქცია არის ექსპორტის გაზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ტურისტების მოზიდვა. არა იმპორტის შეზღუდვა და არა მოხმარების შეზღუდვა, რაც არის არსი იმ ინიციატივების, რაც გუშინ გავიგეთ", - თქვა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატმა ასევე განმარტა, თუ რას გამოიწვევს მთავრობის ინიციატივები.

"თუ საწვავზე გაზრდით აქციზს, გაძვირდება ყველაფერი, მათ შორის საცალო ვაჭრობა, გაძვირდება ტრანსპორტი, გაძვირდება მცირე ბიზნესისთვის საქმიანობა და ეს სამუშაო ადგილებს დაგაკარგვინებთ, კი არ გაგიზრდით. მანქანების იმპორტზე აქციზის განაკვეთის გაზრდა რომ გსურთ, გამოიწვევს იმას, რომ მანქანების იმპორტი შემცირდება და ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მანქანების რეექსპორტის ბიზნესი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ონლაინსესხების აკრძალვას რომ აპირებთ, მევახშეობის გადატანას და ამ სესხების გადატანას ამ სექტორში, ეს კრიმინალის გაზრდას გამოიწვევს", - ამბობს კაპანაძე.

გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა: მოხდება ერთჯერადი სოციალური აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია; აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა; გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.

კომენტარები