მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქციები რეგისტრირებულია. საპარლამენტო უმრავლესობა 116 წევრისგან შედგება, რომლის ლიდერიც არჩილ თალაკვაძეა.
ფრაქცია "ქართული ოცნება" 110 წევრისგან შედგება, რომლის თავმჯდომარეც მამუკა მდინარაძეა, ხოლო მდივანი - ნინო წილოსანი.
ასევე, პარლამენტში იქნება ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", რომლის თავმჯდომარეც სიმონ ნოზაძე იქნება, ხოლო მდივანი - ელგუჯა გოცირიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 26 წევრით საპარლამენტო უმცირესობას ქმნის. 20-წევრიან ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ხოლო 6-წევრიან ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის" - ელენე ხოშტარია.
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" არც უმრავლესობაში იქნება და არც უმცირესობაში. მისი თავმჯდომარე გიორგი ლომიაა, ხოლო მდივანი - გელა მიქაძე.
სალომე ზურაბიშვილი ფრაქციაში არაა გაწევრიანებული და დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.





