ეროვნული ბანკი

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $93 მილიონით შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $93 მილიონით შემცირდა და ის ამ დროისთვის $2.56 მილიარდს შეადგენს. 

ოქტომბერში სავალუტო რეზერვების 3.5%-ით შემცირება, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება. ჯამში ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდის მანძილზე ლარის კურსის სწრაფი მერყეობის შესაჩერებლად $100 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ამ შემცირების მიუხედავად, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, სავალუტო რეზერვები $314 მილიონით არის გაზრდილი, რაც ძირითადად 2016 წლის გაზაფხულის მანძილზე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წელთან შედარებით სავალუტო რეზერვების მოცულობა გაზრდილია, ის მაინც 11%-ით ჩამოუვარდება 2013 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებს, ამ პერიოდში სებ-ის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.8 მილიარდია (სექტემბერი, აგვისტო, ივლისი).

კომენტარები