თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვა: "კრწანისის" გუშაგს არ დაემორჩილნენ, მან წესდების მიხედვით იმოქმედა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრის „კრწანისის" ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე ირკვევა, რომ ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მას ესროლეს ცეცხლმაქრი.

"მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიებამ დაათვალიერა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG"-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74" მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო - სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებს უწყება.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები