არჩევნები 2016

სესიაშვილი: დიახ, ვითხოვ, თუ შეუძლიათ, წარმომიდგინონ ისინი, ვინც მხარს დამიჭერს

ტაბულა

თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის თქმით, "დიახ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ მათ, მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას და პირადად მე. მათ შორის, თუ შესაძლებლობა აქვთ, წარმომიდგინონ ის ადამიანები, ვინც მხარს დამიჭერს". სესიაშვილმა ენმ-ის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბრალდებებს უპასუხა. ბოტკოველის მტკიცებით, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი და ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნიშვილი ბაღის გამგეებს ავალებენ, "რომ თითოეულმა ბაღის მასწავლებელმა [ირაკლი სესიაშვილის] მხარდამჭერების 5-10-15-კაციანი სია გააკეთოს. სია უნდა წარადგინონ ხელმოწერებით, სადაც უკვე მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ ხმას".

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ენმ-ს სურს, საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი, რომ "ქართული ოცნებაც ისეთი ძალადობრივი მექანიზმით მართავს და ისეთივე მეთოდებით მუშაობს", როგორც წინა ხელისუფლება.

"მაშინ, როდესაც ჩვენ მართლაც გამორჩეული, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. დიახ, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ მათ, მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნება და პირადად მე, მათ შორის, თუ შესაძლებლობა აქვთ, წარმომიდგინონ ის ადამიანები, ვინც მხარს დამიჭერს. აქ არაფერია უკანონო, აქ არანაირი ადმინისტრაციული რესურსი არ არის ჩართული" - თქვა სესიაშვილმა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქში მეორე ტური იქნება. ქართული ოცნების კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს 41.62% აქვს, ხოლო ენმ-ის კანდიდატ გიორგი ბოტკოველს - 35.39%.

კომენტარები