სირიის კრიზისი

EU: რუსეთისა და სირიის ქმედებები ალეპოში შესაძლოა, სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს

Reuters

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვას მკაცრად გმობს. დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა, მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები სირიაში სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ავიადარტყმები მიზანმიმართულად ხორციელდება საავადმყოფოებზე, სამედიცინო პერსონალზე, სკოლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისა და სირიის მთავრობებს კასეტური ბომბებისა და ქიმიური იარაღის გამოყენებაშიც ადანაშაულებენ.

ევროკავშირი რუსეთისა და სირიის ხელისუფლებებს ალეპოში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვი და დამასკო ალეპოში, მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად, ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ. ჰუმანიტარული პაუზა 20 ოქტომბერს გამოცხადდება.

კომენტარები