ეროვნული ბანკი

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, ამის მიუხედავად ლარი მაინც გაუფასურდა

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდასავალუტო აუქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.3527 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 1.6 თეთრით მეტია, შესაბამისად, ეს $40 მილიონი ლარის გამყარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.  

ეს 25 აგვისტოს შემდეგ მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ან ინტერვენციების მოცულობამ $180 მილიონი შეადგინა. 

ეროვნული ბანკი 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, განმარტავს, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

გაზაფხულზე ლარის სწრაფი გამყარების პერიოდში სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $260 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

კომენტარები